ტელეფონში გაქვთ მიმოწერა, ფოტოები, შენახული პაროლები და კოდები, რომლებითაც ანგარიშებში შედიხართ. ამის დიდ ნაწილს ეკრანის ძლიერი დაბლოკვა და დროული განახლებები იცავს. სამ აუცილებელ ნაბიჯს დაახლოებით ოცი წუთი სჭირდება. Android-ის მენიუები მწარმოებლისა და ვერსიის მიხედვით განსხვავდება: თუ რომელიმე პარამეტრს ვერ პოულობთ, მისი სახელი Settings-ის ზედა საძიებო ველში ჩაწერეთ.

აუცილებელი

მონიშნეთ შესრულებულად

თუ ეკრანი დაბლოკილია, ვინც თქვენს ტელეფონს აიღებს, ვერ გახსნის. დაბლოკვაზეა დამოკიდებული მონაცემების დაშიფვრაც: iPhone-ზე დაშიფვრა სწორედ კოდის დაყენებისას ირთვება. მოკლე ან მარტივ კოდს ადვილად გამოიცნობენ ან დაინახავენ, როცა კრეფთ. გამოიყენეთ სულ მცირე ექვსი ციფრი. კიდევ უფრო ძლიერია გრძელი კოდი ან პაროლი, რომელშიც ასოებიც არის. ნუ გამოიყენებთ ისეთ კოდებს, როგორიცაა 0000 ან 1234.

თითის ანაბეჭდით ან სახით განბლოკვა უმეტესობისთვის მისაღებია, თუ მასთან ერთად ძლიერი კოდიც გაქვთ. გადატვირთვის შემდეგ ტელეფონი მაინც კოდს მოგთხოვთ. თუ შეიძლება ვინმემ გაიძულოთ, ტელეფონი სახით ან თითით განბლოკოთ, მაგალითად, აქციაზე ან საზღვარზე, სახითა და თითით განბლოკვა წინასწარ გამორთეთ, ან ტელეფონი საერთოდ გამორთეთ.

iPhone

  1. გადადით Settings → Face ID & Passcode-ში. Touch ID-იან iPhone-ზე ეს Touch ID & Passcode-ია.
  2. დააჭირეთ Turn Passcode On-ს, ან Change Passcode-ს, თუ კოდი უკვე გაქვთ.
  3. დააჭირეთ Passcode Options-ს და აირჩიეთ Custom Numeric Code ან Custom Alphanumeric Code. Apple ამ ორ ვარიანტს ყველაზე უსაფრთხოს უწოდებს.
  4. Settings → Display & Brightness → Auto-Lock-ში აირჩიეთ მოკლე დრო.

Android

  1. Pixel-ზე გახსენით Settings → Security & privacy → Device unlock → Screen lock. Samsung-ზე გახსენით Settings → Lock screen → Screen lock type. სხვა ტელეფონებზე პარამეტრებში მოძებნეთ Screen lock.
  2. აირჩიეთ PIN ექვსი ან მეტი ციფრით, ან Password.
  3. ნუ აირჩევთ Swipe-ს ან None-ს: ისინი საერთოდ არ გიცავთ.
აუცილებელი

მონიშნეთ შესრულებულად

განახლებები უსაფრთხოების იმ ხარვეზებს ასწორებს, რომლებიც თავდამსხმელებმა უკვე იციან. ჩართეთ ავტომატური განახლება, ხოლო როცა ტელეფონი განახლებას შემოგთავაზებთ, დააყენეთ. ტელეფონი, რომელიც უსაფრთხოების განახლებებს აღარ იღებს, ყოველთვიურად უფრო დაუცველი ხდება. Google Pixel 8-სა და უფრო ახალ მოდელებს განახლებებს შვიდი წელი ჰპირდება, Samsung კი ზოგ მოდელს შვიდ წლამდე. სხვა მწარმოებლები შეიძლება ნაკლებს გპირდებოდნენ, ამიტომ თქვენი ტელეფონის მწარმოებლის საიტზე შეამოწმეთ. როცა ტელეფონი განახლებებს აღარ მიიღებს, მის გამოცვლაზე იფიქრეთ.

iPhone

  1. გადადით Settings → General → Software Update → Automatic Updates-ში და iOS Updates-ის ქვეშ ჩართეთ Automatically Install.
  2. თუ Settings → Privacy & Security-ში ხედავთ Background Security Improvements-ს, გახსენით და იქაც ჩართეთ Automatically Install.
  3. Settings → Apps → App Store-ში შეამოწმეთ, რომ App Updates ჩართული იყოს.

Android

  1. გახსენით Settings → System → Software updates და დააყენეთ ყველა განახლება, რომელიც იქ დაგხვდებათ. Samsung-ზე ეს Settings → Software update-ია.
  2. Samsung-ზე იმავე ეკრანზე ჩართეთ Auto download over Wi-Fi. ძველ ვერსიებზე დააჭირეთ სამ წერტილს, შემდეგ Auto download → Using Wi-Fi only-ს.
  3. Google Play-ში დააჭირეთ პროფილის სურათს, შემდეგ Settings → Network Preferences → Auto-update apps-ს და აირჩიეთ ნებისმიერი ვარიანტი, გარდა Don't auto-update apps-ისა.
  4. რამდენად ახალია ტელეფონის სისტემა, ასე ნახავთ: გახსენით Settings → About phone → Android version და შეხედეთ Android security update-ის თარიღს. Samsung-ზე ის Settings → About phone → Software information-შია. თუ თარიღი რამდენიმე თვის წინანდელია და ახალი განახლება არ ჩანს, შესაძლოა, მწარმოებელი ტელეფონს აღარ ანახლებს.
აუცილებელი

მონიშნეთ შესრულებულად

თუ ტელეფონი დაკარგეთ ან მოგპარეს, ეს სერვისები გაჩვენებთ, სად არის, და სხვა მოწყობილობიდან მის დაბლოკვას ან წაშლას შეძლებთ. ისინი მხოლოდ მაშინ მუშაობს, თუ ტელეფონის დაკარგვამდე გქონდათ ჩართული. iPhone-ზე Find My Activation Lock-საც რთავს: თქვენი Apple Account-ის პაროლის გარეშე ტელეფონს ვერავინ წაშლის და თავიდან ვერ გამოიყენებს.

iPhone

  1. გახსენით Settings, დააჭირეთ თქვენს სახელს, შემდეგ Find My → Find My iPhone-ს და ჩართეთ Find My iPhone.
  2. ჩართეთ Find My network და Send Last Location, რომ ტელეფონი მაშინაც იპოვოთ, როცა ინტერნეტი არ აქვს ან ბატარეა თითქმის დაუჯდა.
  3. თუ ტელეფონი დაიკარგა, ნებისმიერი მოწყობილობიდან გახსენით icloud.com/find, შედით Find Devices ღილაკით და აირჩიეთ Mark as Lost. იქ შესვლის კოდი არ დაგჭირდებათ.

Android

  1. გახსენით Settings → Security → Find Hub და შეამოწმეთ, რომ Allow device to be located ჩართული იყოს. თუ ვერ პოულობთ, პარამეტრებში მოძებნეთ Find Hub. Samsung-ზე Settings → Security and privacy → Lost device protection-იც შეამოწმეთ.
  2. თუ ტელეფონი დაიკარგა, სხვა მოწყობილობიდან გახსენით android.com/find და შედით Google-ის ანგარიშით.
  3. შესვლისას კოდი შეიძლება სწორედ იმ ტელეფონზე მოვიდეს, რომელიც დაკარგეთ. ამიტომ Google-ის სარეზერვო კოდები უსაფრთხო ადგილას შეინახეთ: ნახეთ იზრუნეთ, რომ ანგარიშში დაბრუნება შეძლოთ.
დამატებითი

მონიშნეთ შესრულებულად

ზოგი ქურდი ჯერ უყურებს, როგორ კრეფთ კოდს, და ტელეფონს მერე იპარავს. როცა ეს ფუნქციები ჩართულია, პაროლების შესაცვლელად ან Find My-ის გამოსართავად სახე ან თითის ანაბეჭდია საჭირო, ზოგჯერ კი ერთი საათის ლოდინიც. დამატებითი შემოწმება მაშინ ირთვება, როცა იმ ადგილებიდან შორს ხართ, სადაც ხშირად ბრძანდებით, ან ყველგან, თუ ასე აირჩევთ. ეს მხოლოდ დროს გაძლევთ: ტელეფონი რაც შეიძლება მალე მონიშნეთ დაკარგულად. თუ ტელეფონი თქვენს სახეს ან თითის ანაბეჭდს ხშირად ვერ ცნობს, იცოდეთ, რომ ლოდინი ხშირად მოგიწევთ.

iPhone

  1. გადადით Settings → Face ID & Passcode-ში და აკრიფეთ კოდი.
  2. დააჭირეთ Stolen Device Protection-ს და ჩართეთ. შესაძლოა, უკვე ჩართულია. მას სჭირდება Face ID ან Touch ID, Find My, Apple Account-ის ორსაფეხურიანი ვერიფიკაცია და Significant Locations (Location Services-ში).
  3. თუ გინდათ, რომ ლოდინი ყველგან მოქმედებდეს, აირჩიეთ Always.

Android

  1. გახსენით Settings → Google → All services → Theft protection. Samsung-ზე გახსენით Settings → Security and privacy → Lost device protection → Theft protection.
  2. ჩართეთ Theft Detection Lock და Offline Device Lock. ისინი ეკრანს კეტავს, როცა ტელეფონს ხელიდან გტაცებენ ან ინტერნეტს უთიშავენ.
  3. ჩართეთ Remote Lock და დაადასტურეთ ტელეფონის ნომერი. ამის შემდეგ ტელეფონის დაბლოკვას android.com/lock-ზე თქვენი ნომრით შეძლებთ.
  4. თუ სიაში Identity Check ჩანს, ისიც ჩართეთ.
დამატებითი

მონიშნეთ შესრულებულად

ტელეფონში, რომელსაც სხვას აძლევთ, თქვენი ანგარიშები და ფოტოები რჩება, სანამ არ გაასუფთავებთ. გასუფთავებამდე იზრუნეთ, რომ საკუთარ ანგარიშებში შესვლა არ გაგიჭირდეთ: შექმენით სარეზერვო ასლი და შესვლის კოდები ახალ ტელეფონზე გადაიტანეთ. iPhone-ზე გასუფთავება დაშიფვრის გასაღებებს ანადგურებს, ამიტომ ძველ მონაცემებს ვეღარავინ წაიკითხავს.

iPhone

  1. შექმენით ტელეფონის სარეზერვო ასლი. ავთენტიფიკატორი აპლიკაცია და ტელეფონის ნომერი ახალ ტელეფონზე გადაიტანეთ და შეამოწმეთ, რომ იქიდან ანგარიშებში შესვლა შეგიძლიათ.
  2. Settings → Face ID & Passcode-ში გამორთეთ Stolen Device Protection.
  3. გახსენით Settings, დააჭირეთ თქვენს სახელს, ჩადით ქვემოთ და დააჭირეთ Sign Out-ს.
  4. გადადით Settings → General → Transfer or Reset iPhone → Erase All Content and Settings-ში.

Android

  1. შექმენით ტელეფონის სარეზერვო ასლი. ავთენტიფიკატორი აპლიკაცია და ტელეფონის ნომერი ახალ ტელეფონზე გადაიტანეთ და შეამოწმეთ, რომ იქიდან ანგარიშებში შესვლა შეგიძლიათ.
  2. Pixel-ზე გახსენით Settings → System → Reset options → Erase all data (factory reset). Samsung-ზე გახსენით Settings → General management → Reset → Factory data reset.
  3. ტელეფონი სწორედ პარამეტრებიდან გაასუფთავეთ. თუ სხვა გზით გაასუფთავებთ, ტელეფონი ახალ მფლობელს თქვენი Google-ის ანგარიშის მონაცემებს მოსთხოვს.